რაგბის მსოფლიო თასის გამოცდილებას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოიყენებენ

01 ოქტომბერი 2019

ციგურებით რბენაში 1992 წლის ალბერვილის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი სეიკო ჰასიმოტო, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წევრია, პირობას დებს, რომ ტოკიოს საცობების საკითხი მოგვარდება.

ამგვარი განცხადების მიზეზი გახდა იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასის საწყის მატჩზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების დაგვიანება.

„აუცილებელია ათლეტთა გადაყვანის უფრო ეფექტური სქემის შემუშავება. რაგბიში მსოფლიო თასი ნოემბერში დასრულდება. დარჩენილ დღეებში აუცილებელია, რომ ათლეტებისთვის შატლების გამართული მუშაობა უზრუნველვყოთ და შევიმუშაოთ ახალი ლოგისტიკური გამოსავალი. მიღებულ გამოცდილებას ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიყენებთ," - განაცხადა სეიკო ჰასიმოტომ.

მორაგბეთა მსოფლიო თასს 500 ათასამდე უცხოელი გულშემატკივარი სტუმრობს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 12 სტადიონზე არიან გაფანტული, ოლიმპიური თამაშებისას კი მთლიანი დატვირთვა ტოკიოს სატრანსპორტო სისტემაზე მოვა და უცხოელ გულშემატკივართა რაოდენობაც მეტი იქნება.