რომში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე იმსჯელეს

02 ოქტომბერი 2019

რომში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) შტაბ-ბინაში, ზაფხულის და ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის ყოველწლიური სხდომა ჩატარდა.

ექსპერტთა ჯგუფმა პორტუგალიელი ხოსე მანუელ არაუხოს ხელმძღვანელობით, წლეულს სარაევოში და ბაქოში ჩატარებული ზამთრის და ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები შეაჯამა.

ასევე განიხილეს ახალგაზრდული მულტისპორტული ღონისძიების გაუმჯობესების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და მასპინძელი ქალაქებისთვის მისი მიმზიდველობის გაზრდის შესძლო ღონისძიებები.

„ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპულ თამაშებთან და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ამასთან, ისინი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ისეთივე მიმზიდველი უნდა გავხადოთ," - განმარტავს ხოსე მანუელ არაუხო.

კომისიის წევრებმა EOC-ის ვიცე-პრეზიდენტს ნილს ნიგარდს  წინადადებების სია წარუდგინეს, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი 24 ოქტომბერს ვარშავაში განიხილავს.

ზამთრის მომავალი ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება 2021 წელს ფინეთის ვუოკატიში. ამავე წელს ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს სლოვაკეთის ბანსკა-ბისტრიცა, ხოლო 2023 წელს იტალიის ფრიული-ვენეცია-ჯულია ზამთრის ფესტივალს მიიღებს, სლოვენიის კოპერი - ზაფხულისას.

EOC-ის ზაფხულის და ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა კომისიას წარუდგინა სეოკ-ის ხედვა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოდერნიზებასთან დაკავშირებით, ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობაზე.