კრივის მსოფლიო საბჭო (WBC) პროფესიონალ მოკრივეებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს

02 ოქტომბერი 2019

კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) პრეზიდენტი მაურისიო სულეიმანი WBC-ს გაერთიანებაში მყოფ პროფესიონალ მოკრივეებს აფრთხილებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შემთხვევაში ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის.

აღსანიშნავია, რომ WBC-ს, რომელიც ოთხიდან ერთ-ერთ პრესტიჟულ საჩემპიონო ქამარს ათამაშებს, იგივე წესი ჰქონდა 2016 წლის რიოს  ოლიმპიური თამაშებისთვის, სადაც თავის მხრივ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად დაუშვეს პროფესიონალი მოკრივეები. თუმცა, მაშინ პროფესიონალ მოკრივეებს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ და რიოში მხოლოდ სამმა მათგანმა იასპარეზა.

 „WBC ოლიმპიურ თამაშებში პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. ოლიმპიური სამოყვარულო კრივი სრულიად განსხვავებულია. ეს არის ორი განსხვავებული სპორტი და ის მეტად სახიფათოა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. თუ რომელიმე პროფესიონალი მოკრივე, მათ შორის ჩემპიონები და ყოფილი ჩემპიონები, მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, მათ WBC -ს მხრიდან სულ ცოტა ორწლიანი სანქცია დაეკისრებათ," - განაცხადა მაურისიო სულეიმანმა.

WBC-ს პრეზიდენტის ამგვარი გაფრთხილება მოჰყვა მძიმე წონაში კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA), კრივის მსოფლიო ფედერაციის (IBF) და კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამრების მფლობელის მექსიკელი ენდი რუის-უმცროსის განცხადებას, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მექსიკის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. ტიტულიანი მოკრივის განცხადებას წინ უძღოდა რუისისადმი მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის შეთავაზება ჩაერთოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში.