ყატარის I მსოფლიო ქვიშის თამაშებზე 97 ქვეყნის წარმომადგენელს ელოდებიან

10 ოქტომბერი 2019

11 ოქტომბრიდან ყატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტს აიღებს საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშები. ANOC-ის ეგიდით ჩასატარებელ მულტისპორტულ ასპარეზობაში ხუთი კონტინენტის 97 ქვეყნის 1237 ათლეტს ელოდებიან. მათ შორის საქართველოდან, რომელიც დოჰაში ოთხი სპორტსმენით წარსდგება და ოთხივე ქვიშის ჭიდაობაში იასპარეზებს.

სპორტის 13 სახეობის 14 დისციპლინაში გათამაშდება  350 მედალი, მათ შორის - ქვიშის ხელბურთში, ფეხბურთში, ჩოგბურთში, ფრენბურთში და ჭიდაობაში, ასევე 3X3-ზე კალათბურთში, აკვატლონში (ცურვა და რბენა), ბოლდერინგში (მეკლდეურობის სახეობა), კარატეში (კატა), ღია წყალში ცურვაში, კაიტფოლში (ფრანით და სერფინგის დაფით ასპარეზობა), სკეიტბორდში და წყლის თხილამურებში.