თომას ბახს საბერძნეთის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

11 ოქტომბერი 2019

საერთაშორისო ოლიპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტს თომას ბახს ოლიმპიზმის ღირებულებების და პრინციპების, ასევე სპორტის იდეალებისადმი სანიმუშო სამსახურისთვის საბერძნეთის უმაღლესი ჯილდო -  ფენიქსის ორდენი გადაეცა.

საზეიმო ცერემონია შედგა ათენში, საბერძნეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც ჯვრის ფორმის საპატიო ორდენი თომას ბახს გადასცა სახელმწიფოს მეთაურმა პროკოპის პავლოპულოსმა.

თქვენ იღწვით მსოფლიოს საკეთილდღეოდ, მოქმედებთ დემოკრატიის ინტერესებით. სწორედ ელადის მაცხოვრებლები არიან ოლიმპიზმის ტრადიციის მცველები. ჩვენ დიდად ვაფასებთ ოლიმპიზმის პრინციპებისადმი და სპორტის იდეალებისადმი თქვენს ერთგულებას," - აღნიშნავს საბერძნეთის პრეზიდენტი.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, IOC-ის წევრი სპიროს კაპრალოსი, საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ, ასევე ოლიმპიის მერი გეორგიოს გეორგიოპულოსი.

„განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ ამ ორდენით დაჯილდოვებული იყო ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი და ჩემი წინამორბედი ბარონ პიერ დე კუბერტენი. საბერძნეთმა კაცობრიობას ორი ძვირფასი საჩუქარი მისცა: 2500-ზე მეტი წლის წინათ აქ დაიბადა დემოკრატია, 3000 წლის წინ კი - ოლიმპიური თამაშები. ბედნიერი ვარ, რომ ისინი დღემდე მოვიდნენ," - განაცხადა თომას ბახმა.