2024 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველები

11 ოქტომბერი 2019

სამხრეთ კორეა 2024 წლის ზამთრის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში ჩაბმას გეგმავს. მულტისპორტული ღონისძიებისადმი ინტერესი გამოხატა კანგვანდოს პროვინციამ, რომელმაც 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების რამდენიმე შეჯიბრებას უმასპინძლა.

კორეელებმა ოფიციალური განაცხადით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) შესაძლოა წლის ბოლომდე მიმართონ და ეს მოხდება მას შემდეგ, როდესაც სამხრეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტის კომისია პროვინციის სპორტულ ობიექტებს ეწვევა.

კორეელთა სურვილი 2024 წელს ჩაატარონ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები  ნაწილობრივ განპირობებულია ოლიმპიური მემკვიდრეობის (ციგაობის ცენტრი, ჰოკეის და ციგურებით რბენის არენები კანინში) გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებით.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარებით ასევე დაინტერესებულია რუმინეთის ბრაშოვი და ბულგარეთის დედაქალაქი სოფია, რომლებმაც IOC-ს უკვე მიმართეს შესაბამისი განაცხადებით. წლის ბოლომდე საქმეში ჩართვას გეგმავს ჩინეთი, ასეთივე სურვილის დაფიქსირებას ელიან ესპანეთისგან და რუსეთისგან.

2024 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს აირჩევენ 2020 წელს.