ელიუდ კიპჩოგემ მარათონი 2-საათიანი ნიშნულიდან გამოიყვანა

12 ოქტომბერი 2019

კენიელი მორბენლის ელიუდ კიპჩოგეს წყალობით, კაცობრიობა ახალ საფეხურზე ავიდა. ლეგენდარული კენიელი დღეს, ვენაში საგანგებოდ მოწყობილ მარათონულ გარბენში 2-საათიანი ნიშნულიდან გამოვიდა - 42,195 კილომეტრი 1 საათში, 59 წუთსა და 40,2 წაიმში გაირბინა.

აღსანიშნავია, რომ კიპჩოგეს მსოფლიო მიღწევა ოფიციალური რეკორდების ნუსხაში ვერ შევა, რადგან შესაბამისი შედეგები მსოფლიო მძლეოსნობის (აქამდე ცნობილი, როგორც IAAF) ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაზე აღინუსხება.

კიპჩოგემ, რომელიც რეკორდს ჯერ კიდევ გარბენამდე ადარებდა მთვარეზე პირველ დასხდომას, განაცხადა, რომ მისი მიღწევა მძლეოსნური სამყაროს უდიდესი მოვლენაა ბრიტანელი როჯერ ბანისტერის მიერ 1954 წლის 6 მაისს დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდეგ, რომელმაც ერთი მილი (1609 მ) 4 წუთზე ნაკლებ დროში გაირბინა.

როჯერ ბანისტერის რეკორდის შემდეგ 65 წელი გავიდა. და აი, დავამყარე რეკორდი და ორსაათიანი ნიშნულიდან გამოვედი, რათა სხვები წავაქეზო და მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს," - ისტორიული შედეგის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა ელიუდ კიპჩოგემ.

ვენური გარბენი შედგა პროექტ Ineos 1:59 Challenge-ის ეგიდით, რომელსაც აფინანსებს ნავთობქიმიური კომპანია Ineos-ის მფლობელი ბრიტანელი ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფი. კერძოდ, ვენის გარბენი მხოლოდ 2-საათიანი ნიშნულიდან გამოსასვლელად იყო ორგანიზებული.

აღსანიშნავია, რომ მარათონში დამყარებული ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (2:01.39)  სწორედ ელიუდ კიპჩოგეს ეკუთვნის. კენიელმა რეკორდულ დროში 2018 წლის 16 სექტემბერს ბერლინის მარათონზე გაირბინა.