ტოკიო-2020 მოხალისეთა ტრენინგებს შეუდგა

14 ოქტომბერი 2019

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორებმა მოხალისეთა ტრენინგები დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი ჩაატარეს ტოკიოს ეროვნულ ოლიმპიურ მემორიალურ ახალგაზრდულ ცენტრში. მოხალისეებმა თამაშებთან დაკავშირებით საერთო მომზადება გაიარეს, მიიღეს საბაზისო ცოდნა. მზადებისას და უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას მათ შეეძლებათ მრავალმხრივი დახმარების აღმოჩენა გულშემატკივრებისთვის, მასმედიის წარმომადგენლებისთვის, ათლეტებისთვის. მოხალისეები ტრადიციულად განაწილდებიან საასპარეზო არენებზე და ოლიმპიურ სოფელში.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დაგეგმილია დაახლოებით 300 სასწავლო სემინარის ჩატარება, რომლებიც 2020 წლის თებერვლის ბოლომდე თანმიმდევრობით ჩატარდება იაპონიის 11 პრეფექტურაში. 2020 წლის მარტში მოხალისეთა შორის განაწილდება ფუნქციები, ხოლო აპრილიდან კონკრეტულად მათთვის შერჩეული საქმიანობის შესასრულებლად საგანგებო მომზადებას გაივლიან.

საორგანიზაციო კომიტეტში იაპონიიდან და უცხოეთიდან მოხალისედ მუშაობაზე შეტანილია 204 680 განაცხადი, საიდანაც 80 ათასის სურვილი დაკმაყოფილდება.