ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია

17 ოქტომბერი 2019

მაროკოს  ქალაქ მარაქეშში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის.

ისტორია 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიწერა. წლეულს იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის მომგებმა ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ქალთა ნაკრების ისტორიაში ამ რანგის ასპარეზობაზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია.

მომავალი ტრიუმფატორი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. ჯამში ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა და წარმატებას ყველა შეხვედრაში წმინდა გამარჯვებით მიაღწია. დაამარცხა უნგრელი, სლოვენიელი, ჰოლანდიელი და კორეელი მეტეოქეები, ფინალში კი იაპონელ კანაკო ჰაკამატასთან შეხვედრის დასრულებამდე 57 წამით ადრე ეფექტური გდებით იპონი დაიმსახურა და ჩემპიონობა მოიპოვა.