ვლადიმერ ახალკაცი და ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

18 ოქტომბერი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მარაქეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ვაჟთა ორ - 81 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან ორივეში წარმატებას მიაღწია.

81 კგ წონით კატეგორიაში საქართველო ორი ძიუდოისტით - ტატო გრიგალაშვილით და ვალიდმერ ახალკაცით იყო წარმოდგენილი. გრიგალაშვილმა ბრინჯაო, ახალკაცმა კი ოქროს მედალი მოიპოვა.

მომავალი ბრინჯაოს მედალოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. სტარტზევე იაპონელ დაისუკე ტაიკეიჩის იპონით მოუგო. მესამე წრეში გრიგალაშვილს მეტოქედ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე გიგა აბუაშვილი ერგო, რომელთანაც ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა. მეოთხედფინალში იპონით დაამარცხა უზბეკი ჯალოლიდინ კურბონმუროდოვი, მაგრამ ნახევარფინალში წააგო რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანთან, რომელსაც ვაზარი აართვა, მაგრამ მეტოქემ იპონით უპასუხა. გრიგალაშვილს, რომელმაც წლეულს იუნიორთა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც გამოიყენა კიდეც - ბრინჯაოს ფინალში აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა.

ვლადიმერ ახალკაცი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ექვს მეტოქეს შეხვდა. დაამარცხა მოლდაველი კატალინ მარიანი, შემდეგ - ყაზახი აიბოლ ნისანალი, კანადელი ალექსანდრ არენსიბია, აზერბაიჯანელი მურად ფატიევი, ბრაზილიელი გილერმო შმიდტი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თანაგუნდელ გრიგალაშვილის მომგებ კარაპეტიანს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი შეხვედრის დასრულებამდე 2,27 წუთით ადრე წმინდა გამარჯვებაც მოიპოვა.

საჩემპიონო ორთაბრძლები ჩაატარა წლეულს იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის მომგებმა ლაშა ბექაურმაც (90 კგ), რომელიც ასპარეზში მეორე წრიდან ჩაება და წმინდა გამარჯვებები მოიპოვა მეტოქეებზე. მათ შორის უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევზე, არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერზე, კორეელ იუეო ჰანზე, იაპონელ კოსუკე მაშიამაზე, ფინალში კი უნგრელი როლანდ გოზი 1 წუთსა და 35 წამში დაამარცხა.

ერთი დღით ადრე, პირველად საქართველოს ქალთა ძიუდოს ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა.