საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე ადგილით დაასრულა

19 ოქტომბერი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პირადი პირველობის დასკვნით დღესაც გაიზარდა.

წლეულს იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის მომგებმა ილია სულამანიძემ (100 კგ) წარმატებული სვლა მარაქეშის მსოფლიო ჩემპიონატზეც გააგრძელა. მომავალმა ფინალისტმა პირველ წრეში კორეელი ჯევუ სიმი 57 წამში იპონით დაამარცხა. 1 წუთსა და 20 წამში ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უნგრელ პეტერ არვალთან. მეოთხედფინალში დანიელ მატიას მადსენს ჯერ ვაზარი აართვა, შეხვედრის დასრულებამდე 55 წამით ადრე კი იპონით გაიმარჯვა. ნახევარფინალში წუთნახევარზე ცოტა მეტი მოანდომა რუსი მატვეი კანიკოვსკის დამარცხებას. ბევრად დაძაბული გამოდგა გადამწყვეტი შეხვედრა იაპონელ კაზუნარისთან. იაპონელმა სულამანიძესთან უპირატესობა ვაზარით მოიპოვა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე ქართველმა ვაზარითვე უპასუხა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, აქ კი ძალა აღარ ეყო და ოქროს ქულით გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირადი პირველობა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ბრიონჯაოს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).

საქართველოს ნაკრებმა საერთო ჩათვლაში (3-1-1) მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე იაპონია გავიდა - 6-2-3), ასევე მეორეა ვაჟთა ჩათვლაში (2-1-1), სადაც პირველზე გასულ იაპონიას მხოლოდ ერთი ჩასათვლელი მეხუთე ადგილით ჩამორჩა.