საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

21 ოქტომბერი 2019

მარაქეშის ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებას გუნდურ (შერეული) შეჯიბრებაშიც მიაღწია.

მარაქეშის ტატამზე გუნდურ ასპარეზში 11 ქვეყანა ჩაება. საქართველოს ნაკრებში გამოვიდნენ  (ეთერ ლიპარტელიანი (57), მარიამ ჭანტურია (70), სალომე მაყიშვილი (+70 ), გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე (73), ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური (90) და გელა ზაალიშვილი (+90).

ჩვენმა ძიუდოისტებმა სტარტზე მასპინძელ მაროკოს გუნდს მოუგეს, შემდეგ დაამარცხეს ბრაზილიაც და ნახევარფინალში რუსეთთან წარსდგნენ. შეხვედრა 3:3 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ორთაბრძოლა ოქროს ქულამდე. ფინალში გაასვლელი  შეხვედრის ჩატარების უფლება ლაშა ბექაურს (90 კგ) მიიღო, რომელმაც ჩემპიონატის მესამე დღეს პირად პირველობაში იზეიმა ჩემპიონობა, მაგრამ გუნდურში მისი ასპარეზობა წარუმატებელი გამოდგა. ოქროს ქულა მეტოქემ აიღო, საქართველომ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა. აქ ჩვენ გუნდს მეტოქედ ერგო გერმანია, რომელმაც თავის მხრივ იქამდე კორეა დაამარცხა.

საქართველოდან საწყისი შეხვედრები მოიგეს ლუკა კაპანაძემ, მარიამ ჭანტურიამ და მიხეილ ბექაურმა. მომდევნო ორთაბრძოლაში სალომე მაყიშვილი დამარცხდა კრისტინა ფაბერთან, მაგრამ გუნდური შეხვედრის ბედი გადაწყვიტა გელა ზაალიშვილმა, რომლის მოგებამაც საქართველოს ერთი შეხვედრით ადრე მოუტანა ბრინჯაოს მედალი. ზაალიშვილის წარუმატებლობის შემთხვევაში, ტატამზე გასვლა ეთერ ლიპარტელიანს მოუწევდა, რომელმაც ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველმა იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.