საქართველოს ნაკრებმა იუნიორ და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი 18 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა

27 ოქტომბერი 2019

იუნიორ და 23-წლამდელ ძალოსანთა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ) მოასპარეზე გიორგი ჩხეიძემ ატაცში 182 კილოგრამი დაძლია, რაც მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მან უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 228 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 410 კილოგრამით.

ორივე ასაკობრივმა ნაკრებმა ჯამში 18 მედალი მოიპოვა, აქედან 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოსი. გარდა ამისა, იუნიორებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს, ასევე მეორე ადგილზე გავიდა 23-წამდელთა ნაკრებიც.