ბორჯომი და ბაკურიანი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობას ელოდება

29 ოქტომბერი 2019

ვარშავაში დასრულებულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 48-ე გენერალურ ასამბლეაზე სხვა საკითხებთან ერთად, გაეცნენ ევროპის ზაფხულის და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების (EYOF) ასპარეზობის მსურველთა განაცხადებს. მათ შორის იყო ზამთრისა და ზაფხულის, შესაბამისად, ბორჯომი- ბაკურიანის და ჩეხეთის ბრნოს განაცხადები, რომლებიც 2025 წლის მულტისპორტულ ღონისძიებათა ოფიციალურ კანდიდატებად წარადგინეს.

EOC-ის შემფასებელი კომისია ბორჯომსა და ბაკურიანს 2020 წლის თებერვალში ან მარტში ეწვევა, მაისში - ბრნოს. 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მასპინძელთა ვინაობა ოფიციალურად გაცხადდება სტამბოლში 2020 წლის ნოემბერში EOC-ის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლაში ბორჯომი-2014-ის სახით საქართველო პირველად ჩაება. დასკვნით ეტაპზე სოჭი, პიონჩანგი და ზალცბურგის განაცხადები გავიდა, საბოლოოდ კი მაშინ გამარჯვება სოჭს დარჩა.

საქართველოსთვის წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის წარდგენილი თბილისის კანდიდატურა, რომელსაც მასპინძლობის პატივი 2015 წელს ერგო.