სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

29 ოქტომბერი 2019

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ლერი ხაბელოვის, სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ  ზენაიშვილის, სეოკ-ის სპორტული დირექტორის გიორგი ესაკიას  ინფორმაცია მეორე ევროპული თამაშებზე (მინსკი,21-30 ივნისი), ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (ბაქო, 21-27 ივლისი), ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე (დოჰა, 12-16 ოქტომბერი) საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების  შესახებ.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლა ჩაითვალა წარმატებულად. აღმასკომის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ყველა სპრტსმენის, მწვრთნელის, მედიცინის მუშაკის, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელების მიმართ, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ წლის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სეოკ-თან მჭიდრო თანამშრომლობითა და დახმარებით უზრუნველყვეს მინსკში ქართული სპორტული პოტენციალის ღირსეულად წარმოჩენა.

დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობა.

რაც შეეხება ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, აღინიშნა სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციის (პრეზიდენტი ლაშა ლომიძე) ნაყოფიერი და მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის შედეგად ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან საქმიანი თანამშრომლობით, სეოკ-ის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის თანადგომითა და დახმარებით შესაძლებელი გახდა ქვიშის პირველ მოფლიო თამაშებზე განსაკუთრებით მაღალი სპორტული შედეგების ჩვენება და საერთო გუნდური მე-7 ადგილის დაკავება.

აღმასკომმა მოისმინა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ინფორმაცია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (ტოკიო, 2020 წლის 24 ივლისი - 9 აგვისტო) ინფორმაცია ტოკიოსა და ლოზანაში ჩატარებული მიზნობრივი სემინარების შესახებ.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს გააცნო 2025 წელს ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის თაობაზე ბორჯომ-ბაკურიანის განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებული საკითხები.

აღმასკომის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევის შესახებ. აღმასკომის დადგენილებით, სეოკ-ის მოქმედი წესდების VIII თავის I მუხლის შესაბამისად, სეოკ-ის საანგარიშო სესია გაიმართება 2019 წლის 20 დეკემბერს.

გარდა აღმასკომის წევრებისა, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენები, ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები.

 

მეორე ევროპული თამაშები (მინსკი, 21-30 ივნისი)

მედლების რაოდენობა - 30

ოქრო-6

ვერცხლი - 10

ბრინჯაო - 14

 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (ბაქო, 21-27 ივლისი)

მედლების რაოდენობა - 13

ოქრო - 1

ვერცხლი - 5

ბრინჯაო - 7

 

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები (დოჰა, 12-16 ოქტომბერი)

მედლების რაოდენობა - 4

ოქრო - 2

ვერცხლი - 1

ბრინჯაო - 1