23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა

30 ოქტომბერი 2019

ბაუდაპეშტში სტარტი აიღო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა. წლის უმთავრეს სარბიელზე საქართველო ორივე შემთხვევაში ათ-ათი მოჭიდავითაა წარმოდგენლი. მათ შორის ასპარეზში პირველები ჩაებნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და მედლების პირველი კომპლექტიც გაითამაშეს. მედალოსანთა შორის საქართველოს ორი წარმომადგენელია - მირზა სხულუხია (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ).

საქართველოს ნაკრებს პირველი წარმატება მირზა სხულუხიამ მოუტანა. ქართველი ფალავანი ბრძოლას მერვედფინალიდან შეუდგა, სადაც კანადელ კონორ ქუინ მაკნისს 7-1 მოუგო, შემდეგ 6-2 დაამაცხა იაპონელი ჰარუკი სენო, ნახევარფინალში 9-5 გაუმკლავდა უკრაინელ ოლეკსი ბორუტას, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსი ჩერმენ ვალიევი 7-5 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

ასევე მერვედფინალიდან ჩაება ასპარეზობაში ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ). თავდაპირველად ეგვიპტელი მოსტაფა საიედი 4-0 დაამარცხა, შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელი მუჰამედ ემსი ბრაიდი 4-2, ნახევარფინალურ უხვქულიან შეხვედრაში 10-6 გაუმკლავდა თურქ რამაზან სარის, ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში კი აზერბაიჯანელ აბუბაქრ აბაკაროვთან, რომელთანაც 2-4 აგებდა, სუფთა გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.