საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

31 ოქტომბერი 2019

ბუდაპეშტში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი სულავამ (74 კგ), რომელმაც თავდაპირველად კანადელი, პოლონელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ რაზამბეკ ჟამალოვთან 7-15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა. ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში დაუპირისპირდა თურქ ფაზლი ერილმაზს და 4-2 დაამარცხა.

ერთი დღით ადრე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ მირზა სხულუხია (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ).