სეოკ-ში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2019-ის სპორტულ-შემეცნებითი თამაშების გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

31 ოქტომბერი 2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2019-ის სპორტულ-შემეცნებითი თამაშების საპრიზო ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ოლიმპიადის ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები. სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია. სპორტულ-შემეცნებითი თამაშები გულისხმობს სპორტის თემატიკაზე ნამუშევრების მომზადებასა და პრეზენტაციას.

სპორტულ-შემეცნებითი თამაშები შედგება შემდეგი ეტაპებისგან: შიდასასკოლო, მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. გამარჯვებულს ავლენს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2020-ის სპორტულ შემეცნებითი თამაშების საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები:

I ადგილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლა;

 II ადგილი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის პირველი საჯარო სკოლა;

 III ადგილი - თბილისის მე-8 საჯარო სკოლა.

გამარჯვებული გუნდის წევრები, ასევე პედაგოგები  მედლებით, დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.