ტოკიოს ცხელი ამინდი შესაძლოა რამდენიმე სახეობის გადატანის მიზეზი გახდეს

01 ნოემბერი 2019

ტოკიოს ცხელი ამინდი 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისას მარათონისა და სპორტული სიარულის გარდა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე სახეობის გადატანის  მიზეზი გახდეს.

ტოკიოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) დელეგაციას შორის მოლაპარაკებისას, ტოკიოს სიცხესთან დაკავშირებით გამოითქვა სერიოზული შიში. ქალაქის მთავრობას შესთავაზეს განიხილონ რამდენიმე სახეობის დაწყების დროის გადატანის შესაძლებლობა. საუბარია ტრიატლონზე, ღია წყალში ცურვაზე, ქალთა ფეხბურთზე და ცხენოსნობაზე. აღნიშნულია, რომ თუ შეჯიბრებათა დაწყების დროის შეცვლა ვერ მოხერხდა, მაშინ ქალაქის მთავრობას კონკრეტული ასპარეზობების ჩასატარებელი ადგილის გადატანის განხილვა მოუწევს.

ყველაზე დიდ საფიქრალს იწვევს მარათონი და გრძელ მანძილებზე სპორტული სიარული, რაც ათლეტებისთვის და მაყურებლისთვის ნამდვილ გამოცდას წარმოადგენს.

IOC-ის ადრინდელი განცხადებით, მარათონის და სპორტული სიარულის შეჯიბრებების ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში - საპოროში გადატანით, უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ ათლეტებს, რადგან ტოკიოსთან შედარებით იქ ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია და სპორტსმენთა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2020 წლის 24 ივლისი-9 აგვისტოს  - იაპონიისთვის ყველაზე ცხელ დროს.