ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი „უბრალოდ, დიდებულია"

01 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისია 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული ტოკიოს ოლიმპიური სტადიონით კმაყოფილებას გამოთქვამს. IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჯონ კოუტსის შეფასებით, სტადიონი „უბრალოდ, დიდებულია".

ახალი ეროვნული სტადიონი უახლოეს დღეებში შევა მწყობრში, ხოლო საინაუგურაციო ღონისძიებას 21 დეკემბერს უმასპინძლებს.

იაპონიის სპორტის საბჭოს განცხადებით, საინაუგურაციო ღონისძიება სახელად „გამარჯობა, ჩვენო სტადიონო", გააერთიანებს სპორტს, მუსიკას და კულტურას.

ამასთან ირკვევა, რომ იაპონიის უმთავრესი არენის გახსნისთვის მოეწყობა საგანგებო გარბენი  "One Race", რომელშიც სხვა მრავალთა შორის მონაწილეობას მიიღებს რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი უსეინ ბოლტი.

არქიტექტორ კენგო კუმას მიერ დაპროექტებული სტადიონის მშენებლობა დაჯდა 149 მილიარდი იენი (1.3 მილიარდი აშშ დოლარი) და 1964 წლის ოლიმპიური სტადიონის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ახლად აგებული არენა ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. უმასპინძლებს თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს, მძლეოსნობას და საფეხბურთო მატჩებს.

ახალი ეროვნული სტადიონი სამიდან ერთ-ერთი დასასრულებელი არენაა, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის მწყობრში უნდა შევიდეს.

ფრენბურთისთვის გათვალისწინებული არიაკეს არენა დეკემბერში უნდა დასრულდეს, ტოკიოს საწყლოსნო ცენტრი - თებერვალში.