ტოკიოს აეროპორტები საერთაშორისო ფრენებს გაზრდიან

01 ნოემბერი 2019

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისას ტურისტთა და გულშემატკივართა მოზღვავებულ ნაკადთან გასამკლავებლად ჰანედას და ნარიტას აეროპორტები, რომლებიც თავის მხრივ ტოკიო-2020-ის ოფიციალური პარტნიორები არიან, საერთაშორისო ფრენების დამატებას განიხილავენ.

ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი იაპონიის დედაქალაქის უდიდესი აეროპორტია, რომელიც ყოველწლიურად 18 მილიონ საერთაშორისო მგზავრს ატარებს. მომავალი წლის მარტიდან კი ყოველდღიურად 50 საერთაშორისო ფრენის დამატებაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, გამონაკლისის სახით ოლიმპიადის პერიოდში ტოკიოს ცენტრალური ნაწილის თავზე დღის საათებში პირველად განხორციელდება ფრენები. ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა გათვლებით, შესაბამისი ნაბიჯი მგზავრთა ნაკადს წელიწადში 25 მილიონით გაზრდის.

საერთაშორისო ფრენების გაზრდა შესაძლებელი გახდა ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით არსებული იოკოტას აშშ-ის სამხედრო ავიაბაზასთან შეთანხმებით, რომელმაც მის კონტროლირებად საჰაერო სივრცეში კომერციულ ფრენებზე ნებართვა გასცა.

ნარიტას აეროპორტი 1978 წელს გაიხსნა და ტოკიოსთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბს წარმოადგენს.

იაპონიის მთავრობას 2030 წლისთვის უცხოელ ვიზიტორთა 40-დან 60 მილიონამდე გაზრდა განუზრახავს.