ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მედლით დაიწყო

03 ნოემბერი 2019

ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სამმა წარმომადგენელმა ფინალებამდე გაიკვალა გზა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში წარმატებები მეტოქეებს დარჩათ.

ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) დაამარცხა უნგრელი, ბულგარელი, ყაზახი მეტოქეები. ნახევარფინალში 15-6 მოუგო რუს ფადის ვალიტოვს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი დასანანი მარცხი (6-7) იწვნია ირანელ მეისამ კარამალი დალხანისთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

მერვედფინალიდან ჩაება ასპარეზში გურამ ხეცურიანი (87 კგ). ჯერ დაამარცხა რუსეთის, შემდეგ პოლონეთის წარმომადგენლები. ნახევარფინალში ბოლოს აღებული ქულის წესით 2-2 მოუგო კუბელ დანიელ ჰეჩავარიას, ოქროს მედლისთვის შეხვედრა კი 1-6 დათმო და ვერცხლის მედალი გადაეცა.

არ გაუმართლა მძიმეწონოსან (130 კგ) ზვიად პატარიძეს. ფინალში გასული ქართველი ფალავანი წინა დღეს მიღებული ხელის ტრავმის გამო იძულებული გახდა გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელ ალიაკბარ ჰოსეინ იუსოფიაჰმადჩალისთან ასპარეზობაზე უარი ეთქვა. ქართველ მოჭიდავეს ვერცხლის მედალი გადაეცა. არადა, პატარიძე ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და 23-წლამდელებში 6-6 გზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია.