თომას ბახს გდანსკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

09 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტს თომას ბახს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისთვის და მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივებისთვის გდანსკის უნივერსიტეტის ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ადრე ასეთივე პატივი ხვდა წილად პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს ლეხ ვალენსას, გერმანიის ყოფილ პრეზიდენტს რიხარდ ფონ ვაიცზეკერს, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ფრანსუა მიტერანს და მწერალს, ჟურნალისტს და 1986 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ელი ვიზელს.

„გდანსკის უნივერსიტეტი თავის თავში აერთიანებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებში ჩადებულ საკვანძო ელემენტებს. ჩვენი საერთო მიზანია სპორტის მეშვეობით უკეთესი გავხადოთ მსოფლიო," - განაცხადა თომას ბახმა.

აღსანიშნავია, რომ დოქტორის საპატიო ხარისხის მინიჭება მკაცრი პროცედურით წარიმართება. კერძოდ, კანდიდატების განხილვით დაკავებულნი არიან შიდა აუდიტორები, რაც უნივერსიტეტის სენატის 100 წევრის მონაწილეობით საიდუმლო ხმის მიცემით სრულდება.