პეკინი-2022 პირველ სატესტო ასპარეზობას 2020 წლის თებერვალში უმასპინძლებს

14 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტი, IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი ჩინეთში მეცხრე საინსპექციო ვიზიტისას მაღალ შეფასებას აძლევს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მზადებას.

სამი დღის განმავლობაში IOC-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს პეკინის თამაშების ობიექტები და სამთო კლასტერები ჩჟანცზიაკოუსა და იანცინში, ასევე შეხვედრები ჰქონდათ საორგანიზაციო კომიტეტის და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის თანამშრომლებთან.

„თამაშებისთვის ჩინეთის მზადების მაღალი ხარისხი არ გვაკვირვებს. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ „პეკინი-2022"-ის საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან გაწეული სამუშაოები შთაბეჭდილებას ახდენს," - განაცხადა ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსმა.

გაისად 15-16 თებერვალს პეკინიდან 90 კილომეტრით დაშორებულ იანცინში ჩატარდება ოლიმპიური თამაშების პირველი სატესტო ასპარეზობა - სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ეტაპი.

ასევე ფინიშის სწორზე გადის ბობსლეის და ციგაობისთვის განკუთვნილი ტრასის მოწყობის სამუშაოები. ახალ ტრასას 2020 წლის დასაწყისში პირველები ჩინელი სპორტსმენები შეამოწმებენ.