შოთა მიშველიძემ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე გაიმარჯვა

15 ნოემბერი 2019

თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ (61 კგ) სამი მედალი მოიპოვა.

მიშველიძე ატაცში 120 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა, პირველი იყო აკვრაში დამორჩილებული 146 კილოგრამით, ასევე გაიმარჯვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 266 კილოგრამით.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის ტურნირზე წარმატება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა. ასე რომ, მიშველიძემ ამ მხრივ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა.

ქართველმა ძალოსანმა ორი კვირით ადრე ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა გროდნოს (ბელარუსი) საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ასევე თამაშდებოდა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები.