მოკრივეთა ოლიმპიურ ტურნირზე ქულები ყოველი რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდება

22 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირზე მეტოქეთა ქულები ყოველი რაუნდის დასრულებისთანავე ტაბლოზე გამოქვეყნდება.

ასევე ირკვევა, რომ მსაჯთა კორპუსის შემდაგენლობაში შევლენ IOC-ის სამუშაო ჯგუფის კრიტერიუმებით შერჩეული კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) სერთიფიცირებული მსაჯები. გარდა ამისა, ვერცერთი მსაჯი, რომელიც  2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებს ემსახურებოდა, ვერ მოხვდება ტოკიოს ოლიმპიურ ტურნირზე.

IOC-ის სამუშაო ჯგუფმა AIBA-ს მოქმედ  წესებში ეს ცვლილებები მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად და მოკრივეებზე ზემოქმედების შესამცირებლად შეიტანა. ძირითად წესებს ცვლილებები არ შეეხება.

ერთი წლის წინ IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი  გახდა AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, ფინანსებით, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით.

წლეულს ივნისში IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მაისის რეკომენდაციით, AIBA-ს IOC-ის წევრობა შეუჩერდა, მაგრამ ოლიმპიურ პროგრამაში შენარჩუნდა კრივი. გარდა ამისა, IOC-ის სპეციალურ კომისიას დაევალა ჩაატაროს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ასპარეზობები და უშუალოდ მოკრივეთა ოლიმპიური ტურნირი.