ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემი მოიგო

24 ნოემბერი 2019

ოსაკას პრესტიჟულ გრანდ სლემს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოთხი წარმომადგენლით ეწვია, მათ შორის ერთისთვის ძიუდოს ფუძემდებლებთან სტუმრობა წარმატებული გამოდგა.

ოსაკას ტატამზე გაიბრწყინა ბექა ღვინიაშვილიმა (90 კგ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ტურნირში მეორე წრიდან ჩაება და ფინალამდე გაიკვალა გზა. ორი ვაზარი აართვა და შესაბამისად იპონით დაამარცხა ჩინელი ჰებილიგე ბუ, შემდეგ მასპინძელ მაშუ ბაკერს ოქროს ქულით მოუგო. ვაზარით დაამარცხა აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი, ნახევარფინალში  იპონით გაუმკლავდა იაპონელ კენტა ნაგასავას. უზბეკ დავლატ ბობონოვთან  გადამწყვეტ შეხვედრაში საქმე ისევ დამატებით დრომდე მივიდა. ღვინიაშვილის ეფექტურ მოგვერდს იპონი და ჩემპიონის ტიტული მოჰყვა. 2015 წლის შემდეგ, ეს ქართველ ძიუდოისტთა მიერ მოპოვებული  პირველი ოქროა ოსაკას ტურნირზე.