მარათონისა და სპორტული სიარულის ტოკიოდან საპოროში გადატანასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

26 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი მარათონისა და სპორტული სიარულის ტოკიოდან საპოროში გადატანის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ.

ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს კრიტიკის მიუხედავად, საგანგებოდ შექმნილი IOC-ის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ასევე შევიდნენ მსოფლიო მძლეოსნობის (WA) წარმომადგენლები, საპოროში შესაბამისი ასპარეზობების დაგეგმას აგრძელებს.

სტარტის და ფინიშის მოწყობა ოდორის პარკში იგეგმება, რომელიც ნახევარ კილომეტრზეა გაშლილი და საპოროს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად ჰყოფს. მარშრუტის დეტალები კვლავაც განხილვის თემაა. ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებს და IOC-ის სამუშაო ჯგუფს ყველაზე მეტად აღელვებთ შეჯიბრებების განრიგთან დაკავშირებული საკითხები. საქმე ის არის, რომ კაცების მარათონი ტრადიციისამებრ ტარდება ოლიმპიური თამაშების დასკვნით დღეს, ხოლო მის გამარჯვებულსა და პრიზიორებს მედლები გადაეცემათ უშუალოდ თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიალზე.

საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის ჯონ კოუტსის განმარტებით, IOC ამ პრაქტიკაზე უარის თქმას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ფინიშის შემდეგ მედალოსან სპორტსმენებს დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობისთვის  ტოკიოში გადაფრენა მოუწევთ.

IOC-ის აღმასრულებელი საბჭო მარათონისა და სპორტული სიარულის ტოკიოდან საპოროში გადატანის და სხვა საორგანიზაციო საკითხებს 3-5 დეკემბერს განიხილავს.