ირანელი მსოფლიო ჩემპიონი მონღოლეთის სახელით იასპარეზებს

03 დეკემბერი 2019

ირანელი ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონი  საეიდ მოლაეი მონღოლეთის მოქალაქე გახდა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მისი სახელით იასპარეზებს.

საეიდ მოლაეის მონღოლეთის პასპორტი უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტმა და იმავდროულად მონღოლეთის ძიუდოს ასოციაციის პრეზიდენტმა ხალტმააგიინ ბატულგამ გადასცა.

მოლაეის ირანის ხელისუფლებისგან წლეულს ტოკიოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური ორთაბრძლის დათმობა ებრძანა, რათა ფინალში ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკისთან შესაძლო შეხვედრა არ შემდგარიყო. ირანის ხელისუფალთა მოთხოვნის და მისი ოჯახის მიმართ მუქარის მიუხედავად, მოლაეიმ ორთაბრძოლა ჩაატარა, თუმცა სტრესის ქვეშ მყოფი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დამარცხდა. წააგო მესამე ადგილისთვის შეხვედრაც - ამჯერად ქართველ ლუკა მაისურაძესთან. ირანელი ძიუდოისტი იაპონიიდან უმალ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

მონღოლეთის პასპორტის მქონე 27 წლის მოლაეის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელ საბჭოზე.

აღსანიშნავია, რომ ირანის მთავრობა ამ ქვეყნის  სპორტსმენებს, განურჩევლად სახეობისა, ისრაელის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკრძალავს.