ტოკიო-2020-ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაზე „ტოიოტას" ესკორტი იზრუნებს

05 დეკემბერი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ავტო-ესკორტის დიზაინი წარმოადგინეს.

სატრანსპორტო საშუალებები Hope Lights Our Way-ის კონცეფციისშესაბამისად იქნება გაწყობილი. თითოეულ ავტომობილს ესტაფეტისას დამოუკიდებელი როლი დაეკისრება. მაგალითად, ესკორტის გაძღოლა, მარშრუტების წინასწარ შემოწმება, მეჩირაღდნეთა მხარდაჭერა.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სატრანსპორტო მხარდამჭერია ტოკიო-2020-ის პარტნიორი „ტოიოტა".

ტოკიო-2020-ის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელებისგან იქნება შემდგარი, რომლებიც ეკოლოგიაზე მინიმალურ ზეგავლენას მოახდენენ.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიალი შედგება 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში. ოლიმპიური ცეცხლის ბერძნული ეტაპი 8 დღეს გაგრძელდება. ესტაფეტის ბერძნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ ცეცხლს პანათინაიკოსის სტადიონზე 19 მარტს მოწყობილ საგანგებო ცერემონიალზე ჩაიბარებს ტოკიო-2020, რომელიც მას სპეციალური რეისით ტოკიოში გადააფრენს.

ცეცხლს  იაპონიაში 20 მარტს ჩააბრძანებენ, 26 მარტს კი სტარტს აიღებს ესტაფეტა.