ფიგურულ ციგურაობაში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა

08 დეკემბერი 2019

ფიგურული ციგურაობის გრან პრის ფინალში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ქართულმა წყვილმა ფავორიტებს აჯობა და სპორტულ ცეკვებში საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფინალურ ასპარეზობაზე მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ  სავალდებულო და თავისუფალ პროგრამებში მსაჯებისგან მაღალი შეფასებები მიიღეს და ჯამური 174, 90 ქულით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, იუნიორთა გრან პრის ფინალი მოიგეს.

„ვიცოდით, რომ არაფერი გვქონდა დასაკარგი, არაფერი გვაშინებდა. ხალხი ჩვენს სანახავად მოვიდა და უნდა გვეჩვენებინა ყველაფერი, რაზეც ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ემოციებში ვართ და იმის გააზრებაც კი გვიჭირს, რომ მოვიგეთ. წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელიც გაცილებით რთული იქნება, რადგან იქ ასაკობრივი შეზღუდვა არ არის," - ისტორიული გამარჯვების შემდეგ თქვა გიორგი რევიამ.

ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდით ორგანიზებულ გრან პრის სერიები, 7 ეტაპად გაიმართა საფრანგეთში, აშშ-ში, ლატვიაში, რუსეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში. ეტაპების შედეგების გათვალისწინებით საუკეთესო შედეგების მქონე ოთხი ქვეყნის ექვსმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა წყვილმა მოიპოვა გრან პრის ფინალური საგზური, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასი საერთაშორისო ტურნირია.

ზედიზედ მეორედ, გრან პრის ფინალური საგზურს მფლობელი სწორედ მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას ქართველი წყვილი გახდა. მეორე და მესამე ადგილებზე აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ კაზაკოვა-რევიას წყვილმა 7 ეტაპიდან ორში იასპარეზა და ორივეგან წარმატებით: რიგის თასზე მეორე ადგილი დაიკავა, ხორვატიის თასზე კი -პირველი.