გურამ ვეკუა 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

13 დეკემბერი 2019

ეილათში (ისრაელი) მიმდინარე 15 და 17- წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუპოვა.

96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვეკუამ, რომელიც ფიცარნაგზე 15- წლამდელებში წარსდგა, ატაცში სამივე ცდა (118/122/126) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან მეორე და მესამე მისვლაზე ევროპის რეკორდებიც გააუმჯობესა.

ვეკუა საუკეთესო იყო აკვრაშიც. მომავალმა ჩემპიონმა აქაც სამივე მისვლა წარმატებით დააგვირგვინა (144/148/151) და ოქროს მედალი დაისაკუთრა. გარდა ამისა, სამივე შემთხვევაში ევროპის რეკორდები დაამხო. ევროპის რეკორდი იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 277 კილოგრამიც.