პიერ დე კუბერტენის 14-გვერდიანი მანიფესტი რეკორდულ თანხად გაიყიდა

21 დეკემბერი 2019

127 წლის წინათ შედგენილი მანიფესტი, რომელმაც დასაბამი მისცა ოლიმპიური თამაშების აღორძინებას, ნიუ იორკის „სოთბის" აუქციონზე რეკორდულად დიდ თანხად - 8 806 500 აშშ დოლარად გაიყიდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ისტორიული ხელნაწერი 700 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე გაიყიდებოდა, მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

საქმე ეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის მიერ 1892 წელს შედგენილ 14-გვერდიან ხელნაწერ დოკუმენტს, სადაც საუბარია ფრანგი ბარონის სურვილზე, აღედგინა ანტიკური ოლიმპიური თამაშები.

„სოთბის" თანახმად, ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გადაიხადეს სპორტთან დაკავშირებულ რელიკვიაში. ადრეული რეკორდი  ეკუთვნოდა „ნიუ-იორკ იანკის" მოთამაშის ბეიბი რუთის ბეისბოლის მაისურს, რომელიც წლეულს ზაფხულში 5,64 მილიონად გაიყიდა.

საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ოლიმპიურ რელიკვიაში, ეს არის ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოთხიდან ერთ-ერთი ოქროს მედალია. 2013 წელს ოუენსის ერთ-ერთი მედალი აუქციონზე გაიყიდა 1,466 574 დოლარად, რაც მაშინ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ რეკვიზიტში გადახდილი რეკორდული თანხა იყო.