ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ცეცხლი ლოზანაშია

08 იანვარი 2020

9 იანვარს ლოზანაში III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, სადაც ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სიმობოლოს - ფიალაში ცეცხლის დანთების ცერემონიალიც შედგება.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო 17 სექტემბერს ათენში, საიდანაც ლოზანისკენ მოგზაურობას მომდევნო დღეს შეუდგა. ეწვია შვეიცარიის ყველა - 26 კანტონს, სათხილამურო კურორტებს - ცერმატს, სენტ მორიცს, ასევე შვეიცარიის პარლამენტს ბერნში, ჟენევაში გაეროს რეგიონალურ შტაბ-ბინას და შილონის ციხესიმაგრეს.

ლოზანის ქუჩებში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 200 მეჩირაღდნე მონაწილეობდა, რომლებმაც სიმბოლურად 20,20 კილომეტრი გაირბინეს. ესტაფეტის მსვლელობისას ცეცხლი ეწვია „ახალგაზრდობის ველს", ლოზანის უნივერსიტეტის კამპუსს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინას და ოლიმპიურ მუზეუმს.

ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა დასრულდა პალიუს მოედანზე, რომელიც ცნობილია მუნიციპალიტეტის შენობით და სადაც 1915 წლის 10 აპრილს ბინა დაიდო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელიც იქამდე პარიზში მდებარეობდა.