ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

09 იანვარი 2020

ლოზანაში საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.

საინტერესო შესავალი მხატვრული პროგრამის შემდეგ, გაიმართა მონაწილე ქვეყნების დროშების აღლუმი. ოლიმპიურ არენაზე საქართველოს დროშის შემოტანის პატივი ერგო მოციგურავე ალინა ურუშაძეს (გახსნის ცერემონია ასევე ჩატარდა სენტ-მორიცში, სადაც გაიმართება მოციგავეთა შეჯიბრება. იქ ჩვენი მედროშე იყო ლაშა მჭედლიანი). ამას მოჰყვა შოუ სახელწოდებით „სახლი,"  შემდეგ კი, ტრადიციის შესაბამისად, სტადიონზე შემოიტანეს ოლიმპიური დროშა და დაანთეს ოლიმპიური ცეცხლი.

თამაშების ახალგაზრდა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო ლომიტეტის თავმჯდომარემ ვირჯინი ფევრემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. როგორც ბახმა აღნიშნა, შვეიცარია საერთო სახლია ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული ხუთივე კონტინენტის ქვეყნებისთვის: „თამაშების ორგანიზატორებმა მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ ოლიმპიადის თითოეულმა მონაწილემ თავი კომფორტულად იგრძნოს. კეთილი იყოს თვენი მობრძანება სახლში."

თამაშები გახსნილად გამოაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა სიმონეტა სომარუგამ.