პოლიტიკური ჟესტის გამოხატვისთვის სპორტსმენები დაისჯებიან

10 იანვარი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა ქცევის  წესები გაამკაცრა. სიახლის მიხედვით, ოფიციალური ცერემონიებისას და ასპარეზობებისას სპორტსმენები საპროტესტო აქციების ჩატარებისთვის დაისჯებიან.

შესაბამისი გადაწყვეტილება  აღმასრულებელი საბჭოს და IOC-ის სპორტსმენთა კომისიის ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.

კერძოდ, ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ეკრძალებათ ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაუთანხმებლობა ან საშეჯიბრო არეანზე, ოლიმპიურ სოფელში, დაჯილდოების ცერემონიისას, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებისას პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა თუ გაჟღერება.

ათლეტებს ეკრძალებათ პოლიტიკური ხასიათის სიმბოლიკების გამოყენება, პოლიტიკური ჟესტის წარმოჩენა, მუხლის მოყრა, ცერემონიის პროტოკოლის დარღვევა.

შესაბამისი წესების დარღვევისთვის სასჯელის ხარისხს განსაზღვრავენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ფედერაციები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

ათლეტებს საკუთარი შეხედულებების გახმოვანება ჟურნალისტებთან ურთიერთობისას და სოციალურ ქსელებში შეეძლებათ.