წარმატებული სტარტი

10 იანვარი 2020

ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო.

საქართველოს გუნდიდან სარბიელზე პირველი გავიდა ფიგურულ ციგურაობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილი და  წარმატებითაც.

ჩვენმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში  59.14 ქულა დაიმსახურეს, რაც 8 წყვილს შორის მესამე საუკეთესო შედეგია. პირველი და მეორე საფეხურები რუსებს უკავიათ, შესაბამისად -  71.74 და 60.45 ქულით.

აღსანიშნავია, ქართული წყვილი უახლოეს მდევრებს -  ამერიკელ და კანადელ მეტოქეებს თითქმის 10 ქულას უგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 12 იანვარს, თავისუფალ პროგრამაში კარგად გამოსვლის შემთხვევაში, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ოლიმპიური თამაშების პრიზიორთა შორის მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.