თომას ბახი: CAS-ის გადაწყვეტილება ინტერპრეტაციის საბაბს არ უნდა იძლეოდეს

11 იანვარი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) შორის დავაში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილება არავისთვის არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციის საბაბს.

„სამწუხაროდ, ამ საქმის განხილვის ვადები ჩვენს ხელთ არაა. ამით დაკავებულია CAS-ი. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მალე გვექნება, რათა სხვა აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება მოვასწოროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ CAS-მა შემდგომი ინტერპრეტაციებისთვის არანაირი საბაბი არ დატოვოს. სხვაგვარად, ამას მოჰყვება შემდგომი საჩივრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, CAS-ის გადაწყვეტილებამ ყველა სხვა ინტერპრეტაცია უნდა გამორიცხოს," - IOC-ის YouTube-ის არხის მეშვეობით მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა თომას ბახმა.

2019 წლის 9 დეკემბერს WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ სკანდალების გამო, რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა.

შეჯიბრებებზე დაიშვებიან მხოლოდ „სუფთა" ათლეტები, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით და სახელმწიფო დროშის გარეშე გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში გამოვლენ.

რუსეთს ასევე აეკრძალა ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობა ან მათ ჩატარებაზე განაცხადის გაკეთება. გარდა ამისა, RUSADA მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსთან შეუსაბამოდ სცნეს.

შარშან დეკემბერში RUSADA-ს სადამკვირვებლო საბჭომ WADA-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის დაუთანხმებლობის შეტყობინება გაუგზავნა. RUSADA-ს შეტყობინების მიღების შემდეგ, რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით 9 იანვარს WADA-მ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.

სავარაუდოდ, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო ამ საქმის არსებით განხილვას 2020 წლის მაისამდე ვერ შეუდგება, შესაბამისად - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ვერდიქტის გამოტანა ვერ მოხერხდება. WADA-ს სანქციები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, როცა CAS-ი საბოლოო გადაწყვეტილებას ოფიციალურად  გამოაცხადებს.

თუ CAS-ი WADA-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ლეგიტიმურად მიიჩნევს, მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსზე ხელმომწერი ყველა ორგანიზაცია, მათ შორის - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ვალდებული იქნება აამოქმედოს შესაბამისი სანქციები.