ალინა ურუშაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთეა

11 იანვარი 2020

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს  ძირითად საასპარეზო სარბიელად ლოზანის საციგურაო არენა ჰქონდა.

დღეს აქ ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავეთა წყვილები და გოგონები (ერთეულები) მოკლე პროგრამით გამოვიდნენ. საქართველო ორივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად ყინულზე მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის წყვილი გავიდა.

12 მონაწილეს შორის კაიგოროდცევი/ლებედევა-ბითაძის წყვილმა 47.20 ქულა დაიმსახურა, რაც 11-ე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ 13 იანვარს  თავისუფალი პროგრამა ექნებათ.

საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ იასპარეზა ერთეულებში. ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა უკეთეს ქულებსაც იმსახურებდა. ამგვარად, ურუშაძემ პრიზიორებში მოხვედრის შანსი მაინც შეინარჩუნა. ურუშაძეს საამისოდ 13 იანვარს თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობა მართებს.

ხვალ წყვილებში თავისუფალი პროგრამა ელის ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილს, რომელმაც გუშინ მოკლე პროგრამაში 8 მონაწილეს შორის 59.14 ქულით მესამე საუკეთესო შედეგი დაიმსახურა.

ხვალ ასევე შეჯიბრებაში ჩაერთვება სამთო მოთხილამურე ნინო კურტანიძე (გიგანტური სლალომი).