საქართველომ ლოზანაში ასპარეზობა ტრამპლინიდან ხტომით დაასრულა

19 იანვარი 2020

ლოზანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ბოლო წარმომადგენელმა, ტრამპლინიდან მხტომელმა ესმერალდა გობოზოვამ იასპარეზა.

Les Tuffes ცენტრში ასპარეზობას 34 ტრამპლინიდან მხტომელი შეუდგა. მათ შორის იყო ესმერალდა გობოზოვა, რომელსაც საკვალიფიკაციო ხტომისას 27-ე შედეგი ჰქონდა.  ესმერალდა ძირითადი ტურნირის პირველ ცდაზე  58 მეტრზე გადახტა, 60 ქულა დაიმსახურა და 31-ე ადგილზე გავიდა. ფინალში გობოზოვას ნახტომის სიგრძე 53 მეტრი იყო,  ჯამური მაჩვენებელი კი- 98.3 ქულა და საბოლოო 31-ე ადგილი.

საქართველს ნაკრებმა ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ოქროსა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც შესაბამისი რანგის ასპარეზობათა ისტორიაში საქართველოსთვის პირველი მონაგარია. ბრინჯაოს მედლის მოპოვებით პირველ ისტორიულ შედეგს ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილმა მიაღწია. მათვე დაიმსახურეს უმაღლესი სინჯის მედალიც,  ამჯერად -  შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, სადაც თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან.

ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 22 იანვარს დასრულდება. ამ მულტისპორტულ შეჯიბრებაში 79 ქვეყნის სპორტსმენები მინაწილეობენ, მედლის მოპოვება კი ჯერჯერობით 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეძლეს.