ლოზანა-2020 ისტორიული და სარეკორდო აღმოჩნდა

23 იანვარი 2020

დასრულდა ლოზანის ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელმაც ლილეჰამერის (2016) და ინსბრუკის (2012) ამავე რანგის ასპარეზობათა რეკორდები დაამხო.

შვეიცარიის 8 საშეჯიბრო მოედანზე, ასევე მეზობელ საფრანგეთში განთავსებულ სათხილამურო სარბიელზე 79 ქვეყნის 15-დან 18 წლამდე ასაკის 1872 ოლიმპიელმა მედლების 81 კომპლექტი გაითამაშა. 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა სპორტის 7 სახეონა და 16 დისციპლინა, აქედან ექვს - 3X3 ჰოკეის, სათხილამურო ორჭიდს (გოგონები), სათხილამურო ალპინიზმს, ბიგ ეარს (ფრისტაილი და სნოუბორდი) და ორადგილიან ციგას ახალგაზრდულ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა. გარდა ამისა, პირველად თამაშების ისტორიაში აქ იასპარეზა გოგონებისა და ვაჟების თანაბარმა რაოდენობამ.

„მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მეტად წარმატებული გამოდგა. საორგანიზაციო კომიტეტი „ოლიმპიური დღის წესრიგი 2020"-ის ერთგული დარჩა, რომლის წყალობითაც ასპარეზობები ლოზანაში გენდერულად გათანაბრებული იყო, ხოლო სპორტული პროგრამა ახალი დისციპლინებით შეივსო. სპორტსმენები ოლიმპიური ღირებულებების საუკეთესო ელჩები გახდნენ. მასპინძლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შვეიცარიელებს, მადლობა მოხალისეებს, რომლებიც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სახე იყვნენ. მადლობა იმისთვის, რომ ათლეტებს ოლიმპიური თამაშების სამყაროსთან გაცნობაში ეხმარებოდნენ," -  ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ლოზანის მესამე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა საქართველოსთვისაც.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებით პირველ ისტორიულ შედეგს ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილმა მიაღწია. მათვე დაიმსახურეს უმაღლესი სინჯის მედალი შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, სადაც თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან.

მედლების საერთო ჩათვლაში საქართველომ ერთი ბრინჯაოს მედლით 29-ე ადგილი გაიყო ბელარუსთან, ლიხტენშტაინთან, ახალ ზელანდიასთან და უკრაინასთან, ხოლო შერეულ გუნდურ ტურნირში მოპოვებული ოქროს მედლით შესაბამის ნუსხაში 22-ე საზიარო ადგილი დაიკავა ბელგიასთან, ბელარუსთან, ლუქსემბურგთან და მექსიკასთან ერთად.

IV ზამთრის ახალგაზრდულ თამაშებს კორეის პიონჩანგი და კანინი უმასპინძლებს, სადაც 2018 წელს ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.