პარალიმპიურ კომიტეტს მომდევნო 4 წლის ვადით რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს

24 იანვარი 2020

დღეს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გაიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ყრილობა, რომლის დღის წესრიგს პარალიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის, გამგეობის ახალი წევრების, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და გენერალური მდივნის არჩევა წარმოადგენდა.

ყრილობას ესწრებოდა ხმის  უფლების მქონე თხუთმეტივე დელეგატი. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად 4 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად -  შალვა მაისურაძე, ვიცე-პრეზიდენტად - გიორგი ოკრიბელაშვილი, გენერალურ მდივნად - რევაზ რევაზიშვილი. კომიტეტის გამგეობის ახალ წევრად აირჩიეს გიორგი მაისურაძე.

ყრილობას  დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა რატი იონათამიშვილს.

სეოკ-ის პრეზიდენტმა  გამოთქვა მზადყოფნა, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს   ურთიერთთანამშრომლობა  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და პარალიმპიურ კომიტეტს შორის.