IWF რეპუტაციის აღსადგენად მყისიერ ნაბიჯებს გადადგამს

25 იანვარი 2020

დოჰაში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე ერთ-ერთ უმთვარეს საკითხად გერმანული ტელეარხის ARD-ის ჟურნალისტის ხაიო ზეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტური ფილმში IWF-ის რეპუტაციის შემლახავი ბრალდებების განხილვა იყო.

დოჰაშივე გადაწყდა შექმნილიყო დამოუკიდებელ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს და გაარკვიოს გერმანული ტელეარხიდან წამოსულ ბრალდებათა საფუძველი.

გარდა ამისა, IWF-ის პრეზიდენტს ტამაშ აიანს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 90 დღით შეუჩერდა უფლებამოსილება, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ამერიკელი ურსულა პაპანდრეა.

IWF აიანის საქმიანობასთან დაკავშირებით შიდა გამოძიებას ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ კომისიის შუალედური დასკვნა გამოქვეყნდება 11-13 მარტს ბუქარესტში, IWF-ის აღმასრულებელ საბჭოზე.

ARD-ის ეთერში გასული დოკუმენტური ფილმი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ტამაშ აიანის შესაძლო კორუფციულ სქემებზე და დოპინგის გამოყენებაში მხილებული ათლეტების მფარველობაზე მოგვითხრობს.

ფილმში ასევე საუბარია, რომ IWF ბევრ საერთაშორისო შეჯიბრებაზე, რომელთა შორისაცაა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, სპორტსმენთა სინჯებზე მანიპულაციების აღმოჩენის შემთხვევაში, დოპინგ-ოფიცრებს დუმილის სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ. ამასთან, ზეპელტი იშველიებს ფულადი გაადრიცხვის საბუთებს, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) IWF-ს მილიონობით დოლარი ტამაშ აიანის მიერ მითითებულ შვეიცარიულ ანგარიშებზე გადაურიცხა, რაც ზეპელტის დოკუმენტურ ფილმის მიხედვით, ძალოსნობის ფედერაციის ფინანსურ ანგარიშში არ რის ასახული.

ARD-ის დოკუმენტურ ფილმში მოყვანილ ფაქტებს ტამაშ აიანი უსაფუძვლოს უწოდებს.

„IWF-ის და ჩემს წინააღმდეგ მიმართული ARD ბრალდებები უსაფუძვლოა. ისინი არ დასტურდება შესაბამისი საბუთებით და არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩართული იყვნენ შესაბამის გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ დამოუკიდებელი ექსპერტები დაადასტურებენ ძალოსნობის განვითარებისთვის ჩემს თითქმის ორმოცდაათწლიან ერთგულებას," - აიანის სიტყვებს ვიტყობთ IWF-ის პრეს-რელიზიდან.