კორონავირუსის გავრცელების გამო საფრთხე შეექმნა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირებს

29 იანვარი 2020

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) პრეზიდენტის ნენად ლალოვიჩის განცხადებით, აზიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლისთვისაც 27-29 მარტს ჩინეთის სიანს უნდა ემსაპინძლა, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, შესაძლოა გაუქმდეს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 4600-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, ჩინეთის ვუჰანში კი საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, 106 ადამიანი გარდაიცვალა.

„შექმნილ მდგომარეობას თვალყურს ვადევნებთ. კავშირზე ვართ ჩინეთის ჭიდაობის ფედერაციასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გადაწყვეტილებას უახლოესი 15 დღის განმავლობაში მივიღებთ," - განაცხადა ნენად ლალოვიჩმა.

UWW-ის პრეზიდენტის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, აზიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობისთვის კორეა, ყაზახეთი და უზბეკეთი მზად არიან ჩაანაცვლონ ჩინეთი. მისივე თქმით, ჩინელმა მოჭიდავეებმა შეჯიბრებამდე გარკვეული დრო კარანტინში უნდა გაატარონ.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტურნირი გადაიდო, ეს იქნება მესამე ოლიმპიური საკვალიფიკაციო შეჯიბრება, რომელსაც ამ მოკლე ხანში იგივე ბედი ეწვევა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღეში ამერიკის სამოას დედაქალაქ პაგო პაგოში სტარტი უნდა აეღო ოკეანიის ჩემპიონატს (30 იანვარი - 1 თებერვლი), მაგრამ მეზობელი სამოადან გავრცელებული წითელას გამო, ასპარეზობა გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ უჰანს ასევე უნდა ემასპინძლა აზია და ოკეანეთის მოკრივეთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირისთვის (3-14 თებერვალი). საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, მოკრივეთა საკვალიფიკაციო ტურნირი 3-11 მარტს ჩატარდება იორდანიის დედაქალაქ ამანში.