IOC-ის შტაბ-ბინაში EOC -ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

29 იანვარი 2020

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ახალ შტაბ-ბინაში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი კომიტეტის 2020 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

EOC-ის პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა მაღალი შეფასება მისცა ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მუშაობას, ასევე 2019 წელს EOC-ის ეგიდით ჩატარებულ 4 მულტისპორტულ ღონისძიებას (მეორე ევროპული თამაშები მინსკში, ზამთრის და ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალები სარაევოში და ბაქოში და ევროპის ჯუჯა სახელმწიფოთა თამაშები მონტენეგროში).

კოჩიანჩიჩმა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს მიაწოდა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) სარჩელი, რომლის მოპასუხედაც გამოდის რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო (RUSADA). EOC-ი ამ  პროცესში მესამე მხარედ ჩაერთო.

„ჩვენ პოლიტიკით დაკავებას და არც რომელიმე მხარის პოზიციის გაზიარებას არ ვაპირებთ. ჩვენთვის მთავარია, რომ სამართალმა და კანონის უზენაესობამ გაიმარჯვოს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, უდანაშაულოები კი დავიცვათ," - აღნიშნა იანეზ კოჩიანჩიჩმა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა IOC პრეზიდენტი თომას ბახი, რომელმაც EOC-ის წევრებთან ოლიმპიური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. მათ შორის საუბარი იყო სპორტის ევროპული მოდელის დაცვაზე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაზე და ოლიმპიური ქარტის  50-ე წესის დაცვის აუცილებლობაზე, რაც თავის მხრივ კრძალავს სპორტულ ღონისძიებებზე ნებისმიერი სახის დემონსტრაციებს, პოლიტიკური, რელიგიური თუ რასობრივი ხასიათის პროპაგანდას.