IOC: ტოკიო-2020 კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელ კონტრზომებს მიიღებს

30 იანვარი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მიჯნაზე მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი აუცილებელ კონტრზომებს მიიღებს.

„უსაფრთხო და საიმედო თამაშების ჩასატარებლად ინფექციური დაავადების წინააღმდეგ მიმართული კონტრზომები „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. საორგანიზაციო კომიტეტი ყველა შესაბამის ორგანიზაციასთან, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებს ინფექციური დაავადების ნებისმიერ შემთხვევას, თანამშრომლობას გააგრძელებს. ასევე, განიხილავს ნებისმიერ კონტრზომას, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ყველა შესასბამის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, IOC კავშირზეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე თავისსავე სამდიცინო ექსპერტებთან," - აცხადებს IOC-ის პრესსამსახური.

2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლება უჰანში გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ იუწყებოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ დაავადების წარმომშობი გახდა ახალი ტიპის კორონავირუსი 2019-nCoV.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 8 ათასამდეა გაზრდილი, გარდაცვლილია 170-მდე ადამიანი, ინფექცია კი, სულ ცოტა, 15 ქვეყანაშია გავრცელებული.