ტოკიო-2020-ის განცხადებით, კორონავირუსის გამო ოლიმპიური თამაშების გაუქმება ან გადადება არ განხილულა

31 იანვარი 2020

ტოკიო-2020-ის ორგანიზატორთა განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმება ან გადადება არ განხილულა.

„თამაშების გადადება არ განგვიხილავს. საორგანიზაციო კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ასევე, განიხილავს ნებისმიერ კონტრზომებს, რომლებიც კი შეიძლება აუცილებელი გახდეს," - განცხადებას ავრცელებს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი.

2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ქალაქ უჰანში პნევმონიის უცნობი ტიპის გავრცელებაზე აუწყა. მოგვიანებით დადგინდა, რომ დაავადების წარმომშობი გახდა ახალი ტიპის კორონავირუსი 2019-nCoV.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 10 ათასამდეა გაზრდილი, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი 100-მდე ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო ინფექცია სულ ცოტა, 22 ქვეყანაშია გავრცელებული.