რომის მსოფლიო თასი ლაშა ტალახაძის გამარჯვებით დასრულდა

01 თებერვალი 2020

ძალოსნობაში რომის მსოფლიო თასის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა მძიმე წონაში 3 ოქროს მედალი მოიპოვა. უმაღლესი სინჯის მედლები, მოლოდინისამებრ, ყველაფრის მომგებმა ლაშა ტალახაძემ დაისაკუთრა.

ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში - 255 კილოგრამი დაძლია და ორჭიდში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

აღსანიშნავია, რომ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში, შესაბამისად - 220, 264 და 484 კილოგრამებით, მსოფლიო რეკორდები ლაშას ეკუთვნის.

რამდენიმე დღით ადრე მსოფლიო თასზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ), გოგა ჩხეიძემ (67 კგ) -  2 ბრინჯაოსი, ხოლო ანტონ პლესნოიმ (96 კგ) 3 ოქროს მედლით იზეიმა ჩემპიონობა.