პეკინი 2022 სპორტული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება

02 თებერვალი 2020

პეკინის 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების 26 სპორტულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ფინიშის სწორზე გავიდა და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აქ იგულისხმება ჩჟანცზიაკოუში, იანცინში და პეკინში განთავსებული ობიექტები.

ჩჟანცზიაკოუ პეკინიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული და იქ შეჯიბრებები ჩატარდება თხილამურებით რბოლაში, ტრამპლინიდან ხტომებში, სათხილამურო ორჭიდში, ბიატლონში, ფრისტაილში და სნოუბორდში. ამასთან, ოლიმპიური სოფელი, სადაც განათავსებენ სათხილამურო სპორტის წარმომადგენლებს, აგვისტოში გაიხსნება.

უშუალოდ ჩინეთის დედაქალაქში უმასპინძლებენ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს, ხოლო მედლები გათამაშდება ციგურებით რბენაში, ფიგურულ ციგურაობაში, შორტ-ტრეკში, ჰოკეიში და კერლინგში. ციგურებით რბენისთვის განკუთვნილი Ice Ribbon, რომელიც საგანგებოდ 2022 წლის თამაშებისთვის აიგო, პირველი სატესტო შეჯიბრებების მასპინძლობას წლეულს ივნისში შეეძლება.

იანცინში იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები, ბობსლეისტები, მოციგავეები და სკელეტონისტები.

საგულისხმოა, რომ 15-16 თებერვალს პეკინიდან 90 კილომეტრის დაშორებით უნდა ჩატარებულიყო ოლიმპიური თამაშების სატესტო შეჯიბრება - სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასი, მაგრამ კორონავირუსის გამო სტარტი გადაიდო.