ტოკიოს ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია „ტრადიციების და ინოვაციების შერწყმა" იქნება

03 თებერვალი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი უშუალო მონაწილეობას მიიღებს 19 მარტს ათენის მარმარილოს ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიის ორგანიზებაში.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძლები დამსწრეთ შესთავაზებენ საცეკვაო ნომერს, რომლის რეპეტიციაც უკვე მიმდინარეობს ტოკიოში. პროგრამის ქორეოგრაფის - ჰიროიუკი იგარაშის ჩანაფიქრით, წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს 144 იაპონელი სკოლის მოსწავლე, მთლიანობაში კი ცერემონიაში 216 ადამიანი გამოვა.

იაპონელთა განმარტებით, ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია  „ტრადიციების და ინოვაციების შერწყმა"იქნება.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია  11 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში შედგება. ცეცხლის დანთების თარიღი შემთხვევით არ არის შერჩეული. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის პრეფექტურებს - მიიაგის, ივატეს და ფუკუშიმას თავს დაატყდა დამანგრეველი ცუნამი.

ესტაფეტის ბერძნული ეტაპის დასრულების შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს ათენის მარმარილოს ოლიმპიურ სტადიონზე 19 მარტს მოწყობილ საგანგებო ცერემონიაზე XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძლები ჩაიბარებენ. ამის მერე ცეცხლს სპეციალური რეისით ტოკიოში გადააფრენენ.

ცეცხლის ესტაფეტის იაპონური ეტაპი სტარტს აიღებს 26 მარტს, 24 ივლისს კი ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს ოლიმპიურ სტადიონზე აანთებენ.